ახალი ამბები
ურთიერთბრალდებები და მოქალაქეები ხმაურიან საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები ზრდა არ განიხილება. ეს განცხადება საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებთან ხმაურიანი სხდომის შემდეგ გააკეთა. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილეს და გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე საკრებულოზე მისი გატანა მიზანშეწონილი არ იყო.

„ინიციატივა შემოსული იყო ზოგიერთი კატეგორიის მუშაკებისთვის ხელფასების მომატების შესახებ. კონსულტაციის შედეგად ჩავთვალეთ, რომ არ იყო მიზანშეწონილი ამ საკითხის გატანა და ამ ეპატზე აღნიშნული ინიციატივა შეჩერებულია“, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.



თავის მხრივ, ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროში მათი წინააღმდეგობის შემდეგ შეჩერდა. 

„მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ წინააღმდეგობა ჩვენი მხრიდან იყო რეალური, უკან დაიხიეს და აღარ გამოიტანეს საკითხი, რომელსაც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავენ“, - აღნიშნა წითლიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას შესაფებით, არსებული მძიმე სოციალური ვითარების ფონზე მერიასა და საკრებულოში მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების მატება უდიდესი შეცდომაა.

„ჩვენი მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა იყო მათ მიმართ, რომ არ მიეღოთ აღნიშნული განაწყვეტილება, რამაც შედეგი გამოიღო. ეს კარგია და მივესალმებით, თუ ამ გადაწყვეტილებაში დევს ის, რომ მათ გაითავისეს პრობლემა და მიხვდნენ, რომ უნდა იზრუნონ არა საკუთარ ხელფასებზე, არამედ მოსახლეობაზე. თუ ფიქრობენ, რომ ეს ზეწოლა შემცირდება და ამ ფონზე მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ცდებიან“, - დასძინა შელიამ.

გარდა ამისა, სხდომაზე წითლიძემ იკითხა, რომ თუკი თანხა არსებობდა, რატომ არ დაფინანსდა ის 85 ბენეფიციარი, რომელიც მერიის სხვადასხვა სოციალურ პროგრამაშია ჩართული.

„ეს მოხდა რეორგანიზაციის მოტივით, რომელიც, რატომღაც არ შეეხო სამსახურების და განყოფილებების უფროსებს. იანვარში ადმინისტრაციული ხარჯებიდან 270 000 ლარი გადაიტანეს ინფრასტრუქტურის მუხლში. თუ ეს თანხა იყო ბიუჯეტში, რა მოტივით დაუგვიანდათ 85 ბენეფიციარს კუთვნილი თანხა“, - დაინტერესდა წითლიძემ.



მერიის წარმომადგენლების განმარტებით, ზემოაღნიშნული ბენეფიციარები კუთვნილ თანხას მარტის თვეში მიიღებენ. დაგვიანების მიზეზად კი რეორგანიზაციის პროცესს ასახელებენ.

„145 ათასით შემცრიდა ადმინისტრაციული ხარჯების მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სოციალური ანაზღაურების მუხლს და "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ამ ტერმინით აპელირებას ეცადა. საკითხი ეხება კომპენსაციებს, დეკრეტებს, საბიულეტინო ხარჯებს და ასე შემდეგ. ამასთან, შემცირდა შრომის ანაზღაურების ფონდი 200 000-ით, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდში გადავიდა“, - განმარტა წოწერიამ.

დღევანდელ სხდომას დევნილები, მერიის სოციალური პროგრამის მხარდამჭერები, გარემოვაჭრეები და ენმ-ის მხარდამჭერები ესწრებოდნენ. 



საკრებულოს თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და მოქალაქეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. გარემოვაჭრეები, სოციალურად დაუცველები და დევნილები მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვდნენ. დაპირისპირება და ხმაური სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.


საკრებულოს წევრებმა მათ რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ პასუხისთვის მოესმინათ, თუმცა უშედეგოდ.


საბოლოოდ, სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც მოქალაქეებმა შენობა დატოვეს.







Print