ახალი ამბები
სერგეენკო ზუგდიდში: სოფლის ამბულატორიებზე მუშაობა დაწყებული გვაქვს (ვიდეო)
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, რაიონებში ამბულატორიების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. მან 2014 წელს ე.წ. ცხელ წერტილებში მოდულარული ამბულატორიების აწყობისა და მათი აღჭურვის პროგრამა გაიხსენა.

„არის შემთხვევები, როცა ამბულატორიის შენობები არავის ბალანსზე არ არის. დღევანდელი შეხვედრა და ზოგადად, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, სხვა მრავალ საკითხთან ერთად იმასაც ითვალისწინებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ამ პრობლემების მოგვარება“, - ასე უპასუხა სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვას ზუგდიდის ტექნოპარკში.



შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ, ჯანდაცვის მინისტრმა დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის, მან დამსწრეებს სამკურნალო მედიკამენტების, მოქალაქის პორტალის, ვაქცინაციის, წითელას ეპიდზედამხევდველობის შეკავებისა და მოცვის გაუმჯობესების, ასევე, C ჰეპატიტის სკრინინგის შესახებ გააცნო ინფორმაცია.

„პერიოდულად ჩვენ ვხვდებით სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რათა მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები გავაცნოთ და ერთად შევაჯეროთ სამოქმედო გეგმა, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნება“, - აღნიშნა სერგეენკომ.

დღესვე შეხვედრაზე პილოტური პროგრამა წარადგინეს, რომელიც აივ შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის ადრეულ დიაგნოსტიკას, გამოვლენასა და სამი დაავადების „ერთი ქოლგის ქვეშ“ - პირველადი ჯანდაცვის დონეზე, მუნიციპალიტეტების ჩართულობით მართვას გულისხმობს.

საოჯახო მედინიცის ეროვნული სასწავლო ცენტრის დირექტორის ბექა იოსელიანის თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია.




„აღნიშნულ რეგიონში შედარებით რთული ვითარებაა. სახელმწიფომ დაისახა მიზნად, რომ 2020 წლისთვის სრული ელიმინაცია მოახდინოს C ჰეპატიტის. ეს აქტივობები ხელს უწყობს მოსახლეობის დამყოლობას“, - თქვა იოსელიანმა.

შეხვედრა ზუგდიდის ტექნოპარკში დისკუსიით გაგრძელდა, რომელზეც სერგეენკომ სამედიცინო საზოგადოებისგან განხორციელებულ პროექტებზე მოისმინა შეფასება.





Print