რეგიონი
იუსტიციის სახლი მოქალაქეებს მოუწოდებს ჩაერთონ პირადობის მოწმობის გაცემის უფასო აქციაში
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით, 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე პირადობის მოწმობის აღება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

აქციით სარგებლობის მსურველებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

"მინდა მოვუწოდო ზუგდიდელებს, რომ მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში და ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით", -თქვა იუსტიციის სახლის ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნარსიამ.



უწყების ცნობით, პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:

• საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი; ასევე, არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1 ნოემბრამდე, უსრულდებათ 18 წელი;

• მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

• რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;

• მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე;

• მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არცერთი დოკუმენტი;

• ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს; ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.

Print