ახალი ამბები
ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლებაში ადგილობრივ ხელისუფლებას და პირადად მამუკა წოწერიას ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგს გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები და "ევროპული საქართველოს" წევრი ბათლომე შელია ესწრებოდნენ.

მისი მტკიცებით, წოწერიამ ის პირადი მოტივით სამსახურიდან ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მადონა მაქაცარიას საშუალებით გაუშვა. ეს ფაქტი კი მის მეუღლეს, ალიოშა ალანიას უკავშირდება, რომელიც სოფელ ოქტომბრის მაჟორიტარ დეპუტატად „თავისუფალი საქართველოდან“ იყრიდა კენჭს, როცა სოფლის მაჟორიტარი წოწერია იყო.

„20 წლის გამოცდილება მაქვს და მათ ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ ჰქონდათ. თითქოს, შტატები უნდა შეემცირებინათ და იზრდება. მე ერთადერთი ვარ, ვისაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდა“, - აღნიშნა მორგოშიამ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მის ოჯახს საფრთხე ემუქრება და ცენტრალურ ხელისუფლებას ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს, ბრძოლას კი სამართლებრივი გზით განაგრძობს.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარესა და ქალაქის მერს, ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.


Print