ახალი ამბები
მაქაცარია: თანამშრომელს ხელშეკრულება იმიტომ არ გავუგრძელე, რომ მერთან წინასწარ მიჩივლა (ვიდეო)
ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია სამკითხველო დარბაზის ყოფილი მთავარი სპეციალისტის ზეინაბ მორგოშიას ბრალდებას სამსახურიდან მისი პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებასთან დაკავშირებით უარყოფს. მისი მტკიცებით, მორგოშიას ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ გაუგრძელდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მერს მიმართა.

„ქალბატონ ზეინაბს მე არ ვიცნობდი, ის თავად მოვიდა ჩემთან, გამეცნო და მითხრა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს, მე მას სამსახურში არ ავიყვანდი, რადგან ალიოშა ალანიას მეუღლე იყო. არც მას ვიცნობ. ქალბატონ ზეინაბს ვუთხარი, რომ მსგავსი საქციელი ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო. ამის შემდეგ კი მერთან გაუგზავნია წერილი იმის შესახებ, რომ ის სამსახურში არ ავიყვანეთ მაშინ, როცა თანამშრომლების აყვანის პროცესი არც იყო დაწყებული. სწორედ ამ განცხადების გამო არ გავუგრძელეთ ხელშეკრულება სხვა მიზეზი არ ყოფილა“, - აღნიშნა მაქაცარიამ.

ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს.


ამავე თემაზე:

ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს (ვიდეო)
Print