ახალი ამბები
ამერიკელი მეცნიერები სამეგრელოში თხილის ნარგავებში არსებულ ვითარებას გაეცნენ
აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების მეცნიერები შიდა ქართლის და სამეგრელოს რეგიონებში გაეცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აშშ-ის წამყვანი სპეციალისტები სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოში თხილის ნარგავებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ, მათ ასევე თხილის საწარმო მოინახულეს და ფერმერებს შეხვდნენ.

სეს-ის ინფორმაციით, მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები იყო დროული და მნიშვნელოვანი იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ისინი მზად არიან, თავიანთი გამოცდილება ქართველ კოლეგებს გაუზიარონ.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით, საქართველოში იმყოფებიან აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები, მათ შორის აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

Print