ახალი ამბები
ბიზნესმენი ზუგდიდის მერს სიცრუეში ადანაშაულებს (ვიდეო)
შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავა, რომელმაც გასულ კვირას ბრიფინგი გამართა და ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა, ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას შეხვდება. ბიზნესმენის თქმით, გოგიამ შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მან დღეს სამხარეო ადმინისტრაციის წინ ბრიფინგი გამართა.

„ვერ დავეთანხმები იმ განცხადებას, რომელიც ლაშა გოგიამ გააკეთა, თითქოს მე არ მიმიმართავს მათვის აღნიშნული ტერიტორიის დაბრუნებისა და იქ ინვესტიციის განხორციელების თაობაზე. განცხადებით მივმართე 2013 წლიდან, არამხოლოდ მერიას, არამედ სხვადასხვა სტრუქტურასა და უწყებას. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ მე იმ ტერიტორიაზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ვეწევი, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ციხეში ყოფნის პერიოდში თავად ხელისუფლებამ გადაწყვიტა იქ ბაზრის მოწყობა. ახლა მითხრეს, რომ სტუმრები ჰყავს და როგორც კი გათავისუფლდება, შემხვდება“, - თქვა მან.



მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ის ცენტრალური მთავრობისთვის მიმართვას და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს.

მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.

მანანა მიქავამ გასულ კვირას ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და მას ინვესტიციის განხორციელების საშუალება არ მისცა.

აღნიშნულზე მერმა ლაშა გოგიამ განაცხადა, რომ სადავო ტერიტორიაზე საინვესტიციო წინადადების შემოტანა ნებისმიერ მსურველს, მათ შორის მანანა მიქავასაც შეუძლია და არავითარი კორუფციული გარიგება არ არსებობს. გარდა ამისა, მერმა დასძინა, რომ თავად მიქავა აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტერიტორიიდან გარევაჭრობის საშუალებით იღებს შემოსავლებს.

საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას ოთხმილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკამაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა.

რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე, სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდი სითი" მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერი: მანანა მიქავას წინადადების შემოტანა ახლაც შეუძლია (ვიდეო)

Print