ახალი ამბები
ქუთაისის ქუჩას შესაძლოა ძმებ კალანდიების სახელი მიენიჭოს
ზუგდიდში არსებულ ქუთაისის ქუჩისთვის ძმებ გენო, რენე და ზაურ კალანდიების სახელი დარქმევის ინიციატივით აფხაზეთის მწერალთა კავშირი და ქუთაისის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი გამოდის. საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, სახელწოდების შეცვლას ამა თუ იმ ქუჩის მოსახლეობის 70%-ის ხელმოწერაა საჭირო. მისივე თქმით, საკრებულოს სხდომაზე საკითხის გატანამდე კომისიის წევრები ქუთაისის ქუჩაზე მისვლას და მოსახლეობასთან გასაუბრებას გეგმავენ.

გარდა ამისა, ლაგვილავას თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას ინიციატივაა, რომ მესხიასა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე მინი-სტადიონს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი დათა სოსელიას სახელი მიენიჭოს. კომისიას მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამაც, რომელმაც იაკობ გოგებაშვილის ძეგლთან არსებული სკვერისთვის დედა ენის სახელის მინიჭება ითხოვა.

„სტადიონისთვის და სკვერისთვის სახელის მინიჭების წინადადებებს გავაგზავნით თბილისში, შესაბამის კომისიასთან, რომლისგანაც უნდა მოვიდეს პასუხი, გავიტანოთ თუ არა ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე. დღეს ამ ინიციატივების განხილვა იყო. ასევე, მინდა გითხრათ, რომ დავიბარეთ სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელები და დავავალეთ, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელწოდებების შესახებ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, არის თუ არა ისეთი გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც კომუნისტური და ბოლშევიკური სახელი ჰქვია“, - აღნიშნა ლაგვილავამ.

პოეტი გენო კალანდია გასულ წელს გარდაიცვალა. ის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელი და არაერთი წიგნის ავტორია. ის საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო. რაც შეეხება რენე კალანდიას, ის 2014 წელს გარდაიცვალა. გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული. მისი ლექსები არაერთ ენაზე ითარგმნა. მწერალი ზაურ კალანდია კი ღირსების ორდენის მფლობელია. მას სხვადასხვა დროს რამდენიმე კრებული აქვს გამოცემული. არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

Print