რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში უამინდობამ უმნიშვნელო პრობლემები შექმნა
მეწყერისა და ქვის ცვენის გამო მესტია-ზუგდიდი -ჯვარის საავტომობილო გზის მონაკვეთზე პრობლემები შექმნა. მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა დილიდან მუშაობდა და ამ დროისათვის ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია. მისივე ცნობით, უსაფრთხოების მიზნით საღამოს 19 საათიდან დილის 7 საათამდე გზა ჩაიკეტება.

ასევე, უხვი ნალექის გამო მარტვილში მდინარე ტეხურა ადიდდა, რამაც სოფელ ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთი მოსახლის საკარმიდამო ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.

რაც შეეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს, მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას თქმით, აქ მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა, რასაც მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უამინდობას სხვა მუნიციპალიტეტებში პრობლემა არ შეუქმნია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამინდის გაუარესების შედეგად, 9 მარტის 16:00 საათიდან 10 მარტის 08:00 საათის ჩათვლით, სტიქიის შესახებ 300-ზე მეტი ზარი შემოვიდა. აქედან თბილისში - 224 დაფიქსირდა, ხოლო რეგიონებში - 93.

Print