ახალი ამბები
მერია: წითლიძე არასახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს უპასუხეს და მათ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს. მერიაში ამბობენ, რომ მრავლფუნქციური კომპლექსის მშენებლობის შესახებ პროექტით ინვესტორი ზუგდიდის მერიაში ორი კვირის წინ შევიდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიუღიათ. 

„აღნიშნული პროექტი გაცნობითი ხასიათის იყო, რაზეც მუნიციპალიტეტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ამასთან მუნიციპალიტეტი, ასევე მზად არის ნებისმიერი ინვესტორისგან მიიღოს მსგავსი ტიპის და ხასიათის წინადადებები და განცხადებები. აღნიშნული წინადადებების მოწონების შემდეგ ინვესტორი ეკონომიკის სამინისტრს მიმართავს, რომელიც წყვეტს კონკრეტულ ფართზე აუქციონს გამოაცხადებს თუ საინვესტიციო ვალდებულებებით იჯარით გადასცემს ინვესტორს. რაც შეხება ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ვინმე გოჩა ჯალაღონიასთან თანამდებობის პირების მეგობრულ ურთიერთობებზე, არ შეესაბამება სიმართლეს. გოჩა ჯალაღონია ზუგდიდის ვიცე -მერს საერთოდ არ იცნობს. ანა წითლიძის განცხადებები არასახელმწიფოებრივია, ის კონკრეტული ინვესტიციის და ქალაქის განვითარების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს“, - აცხადებენ მერიაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით მუნიციპალიტეტის მერია გულუას პარკის გასხვისებას აუქციონის გარეშე აპირებს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ ადგილზე, მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კომპანიის მფლობელი, რომელიც აქ მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, გუბერნატორისა და ვიცე-მერის მეგობარია.

ამავე თემაზე:

ენმ: ზუგდიდის მერია მიწის გადაცემას ერთი თვის წინ დარეგისტრირებული კომპანიისთვის გეგმავს (ვიდეო)
Print