ახალი ამბები
მერია: ცაიშის გზაზე დაზიანებულ დროშას ქარის ჩადგომის შემდეგ შევცვლით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის შემოსასვლელში დაზიანებულ დროშას ქარის ჩადგომის შემდეგ გამოცვლიან. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ქარის გამო დაზიანებული საქართველოს დროშის შესახებ ინფორმაცია კეთილმოწყობის სამსახურს წუხელაც ჰქონდა, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო მისი გამოცვლა ვერ მოხერხდა.

„სხვადასხვა პერიოდულობით, საჭიროებისამებრ იცვლება დროშა. თვეში ერთხელ რუხში, ცაიშში კი უფრო მეტჯერ. ადგილზე მივლენ კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები და როგორც კი ქარი ჩადგება, შეცვლიან. შესაბამის სამსახურს დროშების საკმარისი რაოდენობა აქვს“, - ამბობენ მერიაში.

დაზიანებული დროშის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა, რასაც მომხმარებლების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

ფოტო: კახაბერ ადამია
Print