რეგიონი
ზუგდიდში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა (ფოტო-ვიდეო)
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ფერმერთა მომსახურების ცენტრი გახსნა. აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას თქმით, ცენტრი ფერმერებს სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის, პრეპარატებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და უფასო კონსულტაციებს სთავაზობს. მისივე განმარტებით, ცენტრი მოგებაზე ორიენტირებული არ არის და მათი მთავარი მიზანი მეტი ფერმერთა ჯგუფის შექმნა და მათი ტექნიკურ-მატერიალური უზრუნველყოფაა.



„ფერმერებს ადგილზე მოემსახურებიან პროფესიონალი აგრონომები, რომლებიც გაუწევენ რეკომენდაციებს, ასევე, ვთავაზობთ მაღალი ხარისხის პრეპარატებს შეღავათიანი პირობებით და ფასებით. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ საფინანსო ორგანიზიაციებთან, რომლებიც ჩვენს ფერმერებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ. გვეხმარებიან ჩვენი ძირითადი პარტნიორები ფერერო და USAID, რომელთა მეშვეობით 100-მდე ფერმერის მიწის ნაკვეთს ნიადაგის ანალიზი ჩაუტარდა და ასევე 100-მდე მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატები და ტექნიკა გადავეცით. ამასთან, 5 000-მდე ფერმერთან ჯგუფურად ვმუშაობთ და აგრონომ-კონსულტანტები ადგილზე უტარებენ კონსულტაციებს, ასევე, ვაპირებთ სოფლებში მისვლას, მასიურ ტრენინგებს და ვაპირებთ მოძრავი ცენტრის ამოქმედებას“, - თქვა თოდუამ.



ცენტრის გახსნა ადგილობრივი ფერმერები და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ის ფერმერებს ხელს შეუწყობს, რომ საკუთარ პლანტაციებში თხილის დროული და სწორი მოვლა შეძლონ.

„თხილი აქტიურ ფაზაშია უკვე და აუცილებელია მისი წამლობა შხამქიმიკატებით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ ის არის მთავარი, რომ ეს ცენტრი არა მოგებაზე, არამედ ფერმერთა დახმარებაზეა ორიენტირებული", - აღნიშნა წალენჯიხელმა ფერმერმა როზმარ კვარაცხელიამ.



დღევანდელ ღონისძიებაზე გათამაშებაც მოეწყო, რომელშიც ფერმერებმა საჭირო ტექნიკა და პრეპარატები მოიგეს.



Print