ახალი ამბები
მინისტრი: ანაკლიაში წელს რამდენიმე შაბათ-კვირას მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წელს ანაკლიაში გარდამავალ პერიოდს აცხადებს. ამის შესახებ მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტ “Chek in Georgia“-ს პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით,  მიმდინარე წლის ზაფხულში ანაკლიაში რამდენიმე მოკლე შაბათ-კვირა იქნება, რომლის ფარგლებშიც ორ-ორ დღიანი მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება.

„ამასთან, დაგეგმილია ერთი შედარებით გრძელი, სავარაუდოდ, ოთხდღიანი ფესტივალის გამართვა. ამის შემდეგ კი უკვე გამოვაცხადებთ სამ ან ხუთწლიან მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მდგრადი ფესტივალი ჩამოყალიბდება, რომელიც დამკვიდრდება და მსოფლიო რუკაზე საქართველოს წარმოაჩენს“, - თქვა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Check in Georgia-ს წლევანდელი პროექტის ფარგლებში ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. პროექტი თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებს მოიცავს.

წლევანდელი Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea და სხვა.

Check in Georgia-ს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება.

Print