ახალი ამბები
გიორგი სიგუა: ხელს თუ არ შეგვიშლიან, Gem Fest-ს დამოუკიდებლად ჩავატარებთ
Gem fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფესტივალის ჩატარებას ანაკლიაში 9-12 აგვისტოს აპირებს. სიგუამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების არქონაში ტრაგედიას ვერ ხედავს და ფესტივალს მაინც ჩაატარებს.

„არც პირველ წელს ყოფილა თანადაფინანსება, მაგრამ მოვიძიეთ თანხები და ჩავატარეთ. ოთხდღიანი ფესტივალის ჩატარებას დიდი თანხები არ სჭირდება და თავად გავუმკლავდებით. ეს იქნება სპონსორებისგან მოზიდული სახსრები და ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი. სახელმწიფო ფული საკმაოდ საშარო თემაა და მირჩევნია კიდევაც, რომ რაღაც ვალდებულებებისგან თავისუფალი ვიყო. ხელს თუ არ შეგვიშლიან მშვენივრად გავართმევთ საქმეს თავს. არც ვიცი რაში უნდა შეგვიშალონ ხელი. მიწას თუ არ მოგვცემენ იჯარით, რომელსაც გვაძლევდნენ ყოველთვის, 1000 ლარად ვიქირავებთ კერძო მიწას და იქ ჩავატარებთ”, - უთხრა რადიო „ათინათს“ სიგუამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წელს ანაკლიაში გარდამავალ პერიოდს აცხადებს. ამის შესახებ მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტ “Chek in Georgia“-ს პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში ანაკლიაში რამდენიმე მოკლე შაბათ-კვირა იქნება, რომლის ფარგლებშიც ორ-ორ დღიანი მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება. მისივე თქმით, ერთი შედარებით გრძელი, სავარაუდოდ, ოთხდღიანი ფესტივალი გაიმართება. შემდეგ კი რამდენიმეწლიანი მხარდაჭერის პროგრამა გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც ახალი ფესტივალი ჩამოყალიბდება.

ამავე თემაზე:

მინისტრი: ანაკლიაში წელს რამდენიმე შაბათ-კვირას მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება
Print