ახალი ამბები
საია: მაჟორიტარული არჩევნები ხელს არ უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას (ვიდეო)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ინკლუზიური გარემოს შეფასების შუალედური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ბუნებრივი გზით ქალთა პოლიტიკური გააქტიურების ზრდა ვერ აჩვენა. ამასთან, გამოიკვეთა, რომ ქალთა რაოდენობა წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით 1,5%-ით გაიზარდა, თუნცა ეს უმნიშვნელოა და ეს ციფრი მხოლოდ 13,46 % შეადგენს. გარდა ამისა, არჩეული 64 მერიდან მხოლოდ ერთია ქალი.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ მაჟორიტარული არჩევნები ხელს არ უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას, რადგან მაჟორიტარული სისტემით არჩეული ქალების რაოდენობა პროპორციულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. 64-დან 22 საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეულის ქალების რაოდენობა 0-ია“, - აღნიშნულია კვლევაში.

პავლიაშვილის თქმით, სამეგრელოში, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანაში, ქალებს წამყვან პოზიციებზე არ წარადგენენ და მათი ნომინირება არ ხდება, რაც საკრებულოებსა და პარლამენტში მათ ნაკლებობას იწვევს.



„რაც შეეხება რეკომენდაციებს, მთავრობას ცენტრალურ დონეზე უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრატეგია, რათა თვითმმართველობა უფრო დამოუკიდებელი გახდეს. თავის მხრივ, თვითმმართველობები უფრო ახლოს უნდა იყვნენ მოსახლეობასთან და იმუშაონ მათ საჭიროებებზე“, - აღნიშნა პავლიაშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს და საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

„ქალი კანდიდატობის მსურველები ბევრია, თუმცა, ვხვდებით იმ პრობლემას, რომ არჩევნების დრო არ არის დაინტერესება მათ მიმართ, რადგან გადაწყვტილებას ღებულობენ კაცები“, - თქვა ციცინო შენგელიამ.

კვლევა პროექტის „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში, USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

Print