რეგიონი
ირაკლი ტუჟბა: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებს საქართველო პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს
"საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას საქართველოს ხელისუფლება აქეზებს", - ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ ირაკლი ტუჟბამ „სპუტნიკ აბხაზიას“ განუცხადა. აღნიშნული კომენტარი, მან „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით ზუგდიდის მკვიდრის გიორგი ზარანდიას დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ბოლო წლებში უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი გაიზარდა. როგორც ჩანს, ამგვარ ქმედებებს საქართველოს ხელისუფლება აქეზებს, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს“, - განაცხადა ირაკლი ტუჟბამ.

მისი თქმით, აფხაზურმა მხარემ ჟენევის დისკუსიების და ასევე გალის შეხვედრების ფარგლებში არაერთხელ გააფრთხილა ქართული მხარე „ქართულ-აფხაზური სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევის დაუშვებლობის შესახებ“.

საქართველოს მოქალაქე, ზუგდიდის მკვიდრი, ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი ზარანდია რუსმა სამხედროებმა, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, კერძოდ გალის რაიონში, 14 მარტს დააკავეს. მას ბრალად „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ ედება. აფხაზური მხარის ცნობით, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.


Print