ახალი ამბები
ვისთვის არის მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის ფილიალში უწყების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მედიას მართვის მოწმობების შეცლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.


საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე მართვის მოწმობა ყველა იმ პირმა უნდა შეცვალოს, ვისაც ის 2006 წლის პირველ აპრილამდე აქვს აღებული. ამ დრომდე გაცემულ მოწმობებს იურიდიული ძალა ეკარგებათ. მოწმობის შესაცვლელად მძღოლს არც თეორიული და არც პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ხელახლა არ მოუწევს.



„მოქალაქემ ნებისმიერ, მათ შორის, ზუგდიდის ფილიალში უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. შეცვლის ღირებულება 15 ლარი, დაკარგულის აღდგენა კი 35 ლარი დაუჯდებათ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობას, რომელიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ“, - უთხრა ჟურნალისტებს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა თიკო ბიბილეიშვილმა.



მათივე ცნობით, მოქალაქეს პირველი აპრილის შემდეგ ავტომობილის მართვა მხოლოდ მას შემდეგ შეეძლება, რაც მართვის მოწმობას შეცვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება.



საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილება ძალაში 2014 წლის პირველი მარტიდან შევიდა. ამ ეტაპზე მართვის მოწმობების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

Print