რეგიონი
მინისტრი: წელს მოსავლის შენარჩუნება შესაძლებელია
2018 წლის სტრატეგიის შესაბამისად ყველა რესურსია მობილიზებული იმისათვის, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს. ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აბაშაში საკოორდინაციო შტაბში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიური საინფორმაციო კამპანიითა და მოსახლეობის ჩართულობით შესაძლებელია მავნებლის პოპულაციის შემცირება და მოსავლის შენარჩუნება. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებისთვის 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგეგმილი.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად შეიქმნა, გამართულ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულები დაესწრნენ.

მსგავსი შეხვედრები დღეს სენაკში, ხობსა და ზუგდიდშია დაგეგმილი.

Print