ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ცეცხლის წაკიდებით ოჯახის წევრების ქონების დაზიანებასა და განადგურებაში ბრალდებული ბ.ჭ. დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს. უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც ბრალდებულის მიერ აღნიშნული ქმედებების ჩადენა დადასტურდა.

„2018 წლის 4 იანვარს, ღამის საათებში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ბ.ჭ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის დედის - ფ.ჭ.-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მუშტი დაარტყა. ბ.ჭ.-ს ქმედებით ფ.ჭ.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა.

აღნიშნულის შემდგომ, ბ.ჭ. სანადირო თოფის და დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ.რ.-ს და ფ.ჭ.-ს, რა დროსაც მათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, ხოლო მოგვიანებით ნ.რ.-ს ტანსაცმელს და ფეხსაცმელებს, ასევე ფ.ჭ.-ს კუთვნილ საოჯახო ნივთებს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ჭ.-ს ქმედებით ნ.რ.-ს 4030 ლარის, ხოლო ფ.ჭ. -ს 3855 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ბ.ჭ. იმავე დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება) წარედგინა», - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print