რეგიონი
ზუგდიდში "ლენდოს" ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს" ყაჩაღობაში ბრალდებული პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ფ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამავე ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. მივიდა ქ.ზუგდიდში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოში" და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს" კუთვნილ თანხას - 5 055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მანამდე, გასული წლის 16 მარტს "ლენდოს" ყაჩაღობის ბრალდებით გიორგი კუკავა დააკავეს. იგი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რვა თვის შემდეგ გაათავისუფლა და მას ბრალდება მოუხსნა. კუკავას მტკიცებით, ის თვეების მანძილზე უდანაშაულოდ იყო დაკავებული. ის ასევე სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაკავება ფაქტების გაყალბებით მოხდა, რაზეც მან პროკურატურას უჩივლა.


Print