ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ თავშესაფარში გადასაყვანი ძაღლების რაოდენობა შეამცირა
ზუგდიდიდან მიმდინარე წელს თავშესაფარში 461-ის ნაცვლად 375 მიუსაფარ ძაღლს გაიყვანენ და შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. ეს გადაწყვეტილება მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ მომსახურებაზე სამჯერ გამოცხდებული ტენდერი ვერ შედგა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ჯაიანი ჩავარდნილი ტენდერების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე მომსახურების პირობები შეცვალეს.

„მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინება ეს მიზეზები და მეოთხედ ჩავუშვით ტენდერი. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ის შედგება, რადგან მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ნამდვილად ყველას აწუხებს. სამწუხაროდ, რეგიონში არ გვაქვს მსგავსი ცენტრი“, - განაცხადა ჯაიანმა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება წინა სამისგან განხვავებით მცირედით გაზრდილია და 30 000 ლარს შეადგენს.

ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე, საჭირო მომსახურების გაწევაზე და მათ კვლავ ქალაქში დაბრუნებაზე ტენდერი სამჯერ გამოაცხადა. პირველ შემთხვევაში, მასში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ შპს "ვექტრამ", რომლიც ოზურგეთში მდებარეობს, ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიიღო, ორჯერ კი მასში მონაწილეობა არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო.

ამავე თემაზე:

მერიაში ძაღლების თავშესაფრის მომსახურებაზე არშემდგარი ტენდერების მიზეზებს იკვლევენ
Print