რეგიონი
გალის რაიონში იუნისეფი საგანმანათლებლო ცენტრს გახსნის
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სოხუმის ოფისმა ქალაქში პირველი საგანმანათლებლო ცენტრი გახსნა. ცენტრში ტრენინგ - სემინარები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ჩატარდება.

"ამ დროისათვის, გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტის ფარგლებში, რომელიც აფხაზეთის განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება, 8 საგანმანათლებლო ცენტრი აღიჭურვა“, - განუცხადა „აბხაზია ინფორმს“ განათლების სფეროში ფონდის სპეციალისტმა რუსტამ ანშბამ.

მისივე ცნობით, დღესვე მეორე ცენტრი გაიხსნება გალში, სადაც რაიონის სკოლების მასწავლებლებისთვის სხვადასხვა მასტერ-კლასები და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ჩატარდება. "მომავალში, ყველა ეს ცენტრი, ერთიანი ქსელის სახეს მიიღებს",- დასძინა ანშბამ.

ცენტრის გახსნის ცერემონიას UNICEF-ის წარმომადგენლები ლაილა ომარ გადი, უილიამ ხენლოგი, ასევე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი ალხას ჯინჯოლია და განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაეროს ბავშვთა ფონდი დე ფაქტო რესპუბლიკაში 1994 წლიდან მოქმედებს და ჯანდაცვის, განათლების და ახალგაზრდობის განვითარების, ასევე ბავშვთა და მარავალშვილიანი ოჯახების სოციალური კეთილდღეობის ხელშემწყობ პროგრამებს ახორციელებს.

ფოტო: "სპუტნიკი"

Print