ახალი ამბები
ქემოკლიძე: დე-ფაქტო ხელისუფლებას კანჯი-ოღლის დაკავების პოლიტიკური მზაობა არ აქვს (ვიდეო)
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავების პოლიტიკური მზაობა არ აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გალის შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა. მისი შეფასებით, ეს პოზიცია სერიოზული პრობლემაა და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ სწორედ ამ საკითხზე, თუმცა მოცემულობა არ შეცვლილა, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. სუს-ი ამ საკითხზე სიღრმისეულად მუშაობს და გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობს“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები განიხილეს.

„საქმე ეხება გობეჩიას, წურწუმიასა და ზარანდიას. დე-ფაქტო ხელისფლებამ დაადასტურა, რომ გობეჩია გათავისუფლდა, თუმცა, ის რეგიონში რჩება. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ისინი ე.წ. ციხეში რჩებიან. ჩვენ მათ მოვუწოდეთ, რომ იყოს მაქსიმალური ლოალურობა, რათა მალე გათავისუფლდნენ“, - თქვა კახაბერ ქემოკლიძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო რეზოლუციის პროექტს, რომელიც ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ სახელითაა ცნობილი, მან განმარტა, რომ სუს-ი სიღრმისეულად გაეცნობა აღნიშნულ დოკუმენტს, რის შემდეგაც მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შევხედრა 25 აპრილს არის დაგეგმილი.

Print