ახალი ამბები
ქუჩებისთვის ქალების სახელების მინიჭება - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამავე ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკასა და ქუჩებისთვის ქალების სახელების მინიჭებაზე იმსჯელეს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ნინა ხატისკაცის თქმით, ქუჩებისთვის ქალების სახელების მინიჭება პრიორიტეტული უნდა იყოს და პროცესებს ხელი მერიებმა და საკრებულოებმა უნდა შეუწყონ.

დისკუსიის მიზანი ზუგდიდში ქუჩების სახელდების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის დანერგვის ინიციატივის მხარდამჭერაა, რათა ქუჩებისთვის სახელის დარქმევისას პრიორიტეტი მიენიჭოს იმ ქალებს, რომლებმაც ქვეყნის, რეგიონის თუ ქალაქის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.



„ქუჩების სახელდება დაწყებულია და ამაში დიდი როლი მიუძღვით იმ ორგანიზაციებს, ვინც ამ თემაზე მუშაობენ, თუმცა, მერიების და საკრებულოების ჩართულობის გარეშე წინ ვერ წავალთ. ჩვენ ვსაუბრობთ ქალის როლის წამოწევაზე, რატომ იყო ესა თუ ის პრობლემა მნიშვენლოვანი და ხაზი გავუსვათ იმას, რომ ქალები კაცების გვერდით ბევრ კარგს და ხშირად უკეთეს საქმესაც აკეთებდნენ. ვფიქრობ, ზუგდიდშიც იქნება საინტერესო პრეტედენტები, რომ დაუფასებელი ქალების სახელი უკვდავყოთ შემდგომი თაობებისთვის“, - თქვა ხატისკაცმა.

თავის მხრივ, საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, მსგავსი შეხვედრები ნაყოფიერია და ხელს მათი კომისიის მუშაობასაც უწყობს. ის საზოგადოების წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.



„მე ვარ მომხრე გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის, თუმცა, ეს უნდა იყოს ბუნებრივი პროცესი. ბევრი წარმატებული ქალი გვყავდა ნამდვილად. მზად ვარ, რომ ჩვენმა კომისიამ ნებისმიერი ინიცატივა მიიღოს და განვიხილოთ. მინდა ვთხოვო საზოგადოების წარმომადგენლებს, ისტორიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ ჩაერთონ აქტიურად ამ პროცესში. ჩვენ გავითვალისიწინებთ მათ მიერ მოწოდებულ ღირებულ ინფორმაციას და გადაწყვეტილებებს შესაბამისად მივიღებთ“, - აღნიშნა ლაგვილავამ.

შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამათავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწნენ, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართა.

Print