ახალი ამბები
ბოკერია ზუგდიდის ინციდენტზე: სრულად ვიზიარებთ ბათლომე შელიას პოზიციას
„ევროპული საქართველო“ სრულად უერთდება და იზიარებს პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის ბათლომე შელიას პოზიციას საკრებულოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. პარტიაში თვლიან, რომ დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მიერ იყო პროვოცირებული.

„ყოველთვის სამწუხაროა, როცა მსგავსი ფაქტები ხდება საჯარო დაწესებულებებში, თუმცა, რაც შეეხება მიზეზებსა და ატმოსფეროს, რამაც ინციდენტი გამოიწვია, მთლიანად ვეთანხმებით ბათლომე შელიას განცხადებას, რომელიც მან ადგილზე გააკეთა“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ზუგდიდის საკრებულოში გუშინ ერთმანეთს ფრაქცია ენმ-ის და „ევროპული საქართველოს“ წევრები დაუპირისპირდნენ. კამათი დათა შელიასა და ბათლომე შელიას შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ორივე მათგანს დაზიანებები აღენიშნებოდა.



სიტუაცია სხდომაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკრებულომ ახალი ფრაქციის „ევროპული საქართველოს“ ჩამოყალიბების შესახებ ცნობა მიიღო, რომლის ერთ-ერთი წევრი ენმ-ის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა თოლორაიაა.

თოლორაიამ "ნაციონალური მოძრაობა" გასულ წელს, თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

ბათლომე შელიამ მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.

ენმ-ის ლიდერმა ანა წითლიძემ კი თქვა, რომ მათ მხოლოდ პოლიტიკური განცხადება გააკეთეს და „ევროპელების“ აგრესია ამან გამოიწვია.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 126-ე ცემის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რამდენიმე დეპუტატი უკვე დაკითხეს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის პოლიციაში საკრებულოს წევრები მოწმის სახით დაიკითხნენ

ზუგდიდის საკრებულოს წევრები სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
Print