ახალი ამბები
ზუგდიდში ახალშობილი ქუჩაში იპოვეს
ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ის საპატრულო პოლიციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან ერთად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ჩვილი გუშინ დღის პირველ ნახევარში შემოიყვანეს. მას დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სისხლში ჟანგბადის დეფიციტი ჰქონდა.

„ქუჩიდან მოიყვანეს ახალშობილი ბიჭი გაყინული, ჰიპოთერმით, დაბალი ტემპერატურით და ციანოზით. მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რის შემდეგაც ახალშობილთა განყოფილებაში მოვათავსეთ. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ორჟონიამ.

შს სამინისტროში გამოძიება სს კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას ითვალისწინებს, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


Print