ახალი ამბები
მესტიიდან თბილისამდე - ერთი კაცის აქცია (ფოტო)
ზუგდიდელი დავით თორდია მესტიიდან თბილისამდე ფეხით ჩასვლას გეგმავს. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის „ახალი სიტყვის“ პრეზიდენტი დავით თორდია ამბობს, რომ აქციის მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა, რათა მოქალაქეები უფრო აქტიურები გახდნენ. მას სპეციალური მოსასხამი წარწერით "იბერიის გაბრწყინებისათვის" აცვია.



„ჩვენს ხალხს არაფერზე რეაქცია არ აქვს. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ საფრანგეთმა აღიარა, რომ პირველი ღვინო საქართველოში გამოწურეს. გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებში და შემდეგ არავითარი გამოხმაურება აღარ მოჰყოლია. აქ პატრიოტიზმი მხოლოდ სუფრაზე გამოიხატება“, - ამბობს თორდია.

გარდა ამისა, ის მეგრულისა და სვანურისთვის ენის სტატუსის დამკვიდრებასაც მოითხოვს. მისი მტკიცებით, ქართული ანბანი, რომელიც მსოფლიომ 14 დამწერლობას შორის აღიარა, სამენოვანია და ქართული სწორედ ამ ორ ენას ეფუძნება.

„ქართული ენა ახლა სავსეა ბარბარიზმებით მაშინ, რომცა მეგრულსა და სვანურში გვაქვს უამრავი სიტყვა. აი, მაგალითად, სიტყვა შეტყობინება რომ ავიღოთ, მეგრული სიტყვა „ტყობინიდან“ არის აღებული, რაც საიდუმლოს ნიშნაბს, შეტყობინება კი საიდუმლოს გაცხადებას. იმის გამო, რომ მნიშვნელობები არ ვიცით, ვერ ვიღებთ ინფორმაციას“, - აღნიშნავს დავით თორდია.



აქციის ერთადერთი მონაწილის თქმით, ის მესტიიდან ფეხით გუშინ ჩამოვიდა და თბილისამდე ჩავა, გზადაგზა კი მოსახლეობას შეხვდება და საკუთარ მოსაზრებებს გააცნობს.

Print