ახალი ამბები
ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები შესაძლოა ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანონ
უპატრონო ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევაზე მეოთხედ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა გიორგი მაღლაფერიძემ შესთავაზა. მან წინა ტენდერში მონაწილეობა ქუთაისში რეგისტრირებული კომპანიის „ვექტრას“ სახელით მიიღო, თუმცა ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, მისი გამარჯვების შემთხვევაში ძაღლებს ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში გადაიყვანენ. აღნიშნული მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო.

ტენდერში წინადადებების მიღება დღეს დასრულდა.

მას შემდეგ, რაც მერიის მიეც გამოცხადებული ტენდერი სამჯერ არ შედგა, მერიამ გადასაყვანი ძაღლები რაოდენობა 461-დან 375-მდე შეამცირა.

2015 წელს ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში გადაჰყავდათ, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მაშინ გაირკვა, რომ ინდ. მეწარმე გიორგი მაღლაფერიძის მიერ მოწყობილი თავშესაფარი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

მერიის მიერ 2016 წელს გამოცხადებული ტენდერი ისევ გიორგი მაღლაფერიძემ მოიგო, თუმცა სამოქალაქო სექტორის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მუნიციპალიტეტმა მეწარმესთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა. ამის შემდეგ, უპატრონო ძაღლები ბათუმში გადაჰყავდათ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ცხოველთა მოყვარულები თავშესაფარ "სერვერის" პირობებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიამ თავშესაფარში გადასაყვანი ძაღლების რაოდენობა შეამცირა

Print