რეგიონი
დაურ კოვემ ტატუნაშვილის მკვლელობას ინციდენტი უწოდა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში,  უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე პირველ და მეორე სამუშაო ჯგუფებში მოლაპარაკებების დაწყებამდე, პირველი განცხადება დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ გააკეთა. მან არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ინციდენტი უწოდა.

„ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოდით, ვისაუბროთ, როგორც ინციდენტზე. განვიხილავთ ამ საკითხსაც, ცხადია, რომ საქართველო ამ საკითხს დააყენებს და ოსური მხარეც გასცემს პასუხს. ვერ გავაკეთებ კომენტარს - აწამეს თუ მოკლეს, ოსური მხარე წარმოადგენს თავის ხედვას და დასკვნასაც გამოვიტანთ,“- განაცხადა დაურ კოვემ.

მან აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი, ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ზეპირი განცხადების მიღებაა, რაზეც, მისი მისი თქმით, ყველა მხარემ უნდა იმუშაოს.

„იქ ორი მხარე - საქართველო და რუსეთი არ არის. ეს არასწორი მიდგომაა. განცხადების მონაწილე მხარეები არიან საქართველოც, რუსეთიც, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, ჯერ საჭიროა, ზეპირად მივიღოთ განცხადება ყველა მხარემ“, - განაცხადა დაურ კოვემ. აფხაზმა დიპლომატმა კომენტარი ქართული მედიასაშუალებებისთვის გააკეთა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი 27- 28 მარტს იმართება. ქართული მხარე ყველა ფორმატში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე გააკეთებს აქცენტს და რუსეთისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. ასევე გაგრძელდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების ტექსტზე მუშაობა.


Print