რეგიონი
ზუგდიდის თეატრი მაყურებელს სიურპრიზებს უმზადებს (ვიდეო)
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი დროებით სპექტაკლებს კულტურის სახლის შენობაში გამართავს. თეატრს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილი - სცენა და დარბაზი დაუთმეს. ამჟამად შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„აქ რომ შემოვედით, წარმოუდგენლად ცუდი პირობები იყო… შენობას აწვიმდა და სასწრაფოდ გადავხურეთ. საკმაო ხანი მოვანდომეთ ამ ტერიტორიის დასუფთავებას და აქედან ნაგავის გატანას. ათეულობით ტომარა ნაგავი გავიტანეთ ამ შენობიდან... ახლა კედლების შეღებვა და სხვა საჭირო სამუშაოები ტარდება. ასევე, ფართი დაგვითმეს სოციალური სამსახურის ყოფილ შენობაში, თუმცა ესეც არ გვყოფნის. ოთახის ქირაობა დაგვჭირდა კოსტიუმების და სხვა ნივთების შესანახად“, - აღნიშნა თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად სოციალური სამსახურის ყოფილ შენობაში მსახიობები რეპეტიციებს გადიან. სპექტაკლს „ეზოში ავი ძაღლია", რომელსაც რეჟისორი ოთარ ეგაძე დგამს, მაყურებელი აპრილის დასაწყისში იხილავს.

"ეს სპექტაკლი ათასჯერ დადგმული და გაკეთებულია, თუმცა ჩვენ მგონი რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო ვიპოვეთ კიტა ბუაჩიძის ამ პიესაში. ყველა ერთად ვცდილობთ ჩვენს ჩანაფიქრს მიეცეს არაჩვეულებრივი სახე და სათუთად მოვეპყროთ კიტა ბუაჩისძის მემკვიდრეობას", - აღნიშნა ოთარ ეგაძემ.

კულტურის სახლის შენობის გარე ფასადსა და ინტერიერზე არქიტექტორი ლევან სოლოღაშვილი ზრუნავს. აქ თეატრი 2 წელი დაიდებს ბინას. სოლოღაშვილის თქმით, ეს იქნება არა ჩვეულებრივი თეატრი, არამედ თავისუფალი სივრცე, სადაც ყველა თაობის და გემოვნების ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს.

„ზუგდიდელი მაყურებლისთვის ბევრი სიურპრიზი გვაქვს. ეს არ იქნება მარტო თეატრი... ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დეტალების მოყოლისგან. მირჩევნია მოქალაქეებმა თავად ნახონ ის, რაც აქ გაკეთდება“, - თქვა სოლოღაშვილმა.
ამ ეტაპზე მსახიობები სცენას საკუთარი გემოვნებით აწყობენ. უკვე მოაწესრიგეს საგრიმიორო და სხვა ოთახები.

„აქ იქნება კრეატიული სივრცე და რაც მთავარია, მხოლოდ მაყურებლები არ მოვლენ თეატრში, თეატრი მივა მათთან “, - ამბობენ მსახიობები.


რაც შეეხება თეატრის შენობას, სადემონტაჟო სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მას კომპანია "ქართუ" და ასოციაცია „ატუ“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება ჯამში 20 მილიონ ლარს შეადგენს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის თეატრში სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)


Print