ახალი ამბები
ყოფილი ბრალდებული: სამმართველოს უფროსად იმ პოლიციელს ნიშნავენ, ვინც უდანაშაულოდ დამაკავა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდოს” დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულმა გიორგი კუკავამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს, ბრიფინგი გამართა. ის ზუგდიდის რაიონული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად ამჟამინდელი მოადგილის გიორგი გვილავას შესაძლო დანიშვნას აპროტესტებს და ამბობს, რომ ამ ფორმით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც დღეს სამხრეო პოლიციის შენობაში იყო, ინფორმაციას აწვდის. კუკავა ამბობს, რომ გვილავას გამო ის 8 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობაში უკანონოდ იყო და ის თანამდებობაზე არ უნდა ინიშნებოდეს.

“მინდა, მინისტრს ხმა მივაწვდინო, რომ გვილავა და მსგავსი არაპროფესიონალები არ დაინიშნოს ასეთ თანამდებობაზე. მისი საქმე უკვე პროკურატურაშია და მან პასუხი უნდა აგოს. მან და ლევან კვირკვაიმ უკანონოდ დამაკავეს და მტკიცებულებები გააყალბეს”, - აღნიშა კუკავამ.

მისივე თქმით,  გვილავასა და კვირკვაიას წინააღმდეგ მან პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. გარდა ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით მან სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართა.

შს სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.



გიორგი კუკავა გასული წლის 16 მარტს "ლენდოს" ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. იგი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რვა თვის შემდეგ გაათავისუფლა და მას ბრალდება მოუხსნა. კუკავას მტკიცებით, ის თვეების მანძილზე უდანაშაულოდ იყო დაკავებული. ის ასევე სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაკავება ფაქტების გაყალბებით მოხდა, რაზეც მან პროკურატურას უჩივლა.



მიმდინარე წლის მარტში კი „ლენდოს" ყაჩაღობაში ბრალდებული პირი ზ.ფ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. მივიდა ქ.ზუგდიდში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოში" და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს" კუთვნილ თანხას - 5 055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში "ლენდოს" ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს



Print