ახალი ამბები
სამეგრელოში ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით სამ თვეში 25 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს, მათ შორის, სამეგრელოში - 25, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - 78, ქვემო ქართლში - 76, კახეთში - 68, შიდა ქართლში - 66, აჭარაში - 40, სამცხე-ჯავახეთში - 39, გურიაში - 25, მცხეთა-მთიანეთში - 14, თბილისში კი - 424.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ სპეციალურ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ სამინისტროს პოლიტიკა მოძალადეების მიმართ არის სამართლიანი და მკაცრი, რაც, უპირველეს ყოვლისა, მსხვერპლთა ძალადობისგან დაცვის მიზანს ემსახურება.

რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

Print