ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრმა ზუგდიდში მცირე მეწარმეებს ახალი საგადასახადო ინიციატივა გააცნო (ვიდეო)
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მცირე მეწარმეებს შეხვდა და ახალი საგადასახადო ინიციატივების შესახებ ისაუბრა. მასთან ერთად მეწარმეებს ახალი სისტემა მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ ჭელიძემ გააცნო.
მინისტრის თქმით, სამეგრელოს აქვს რესურსი, რომ აღნიშნული რეფორმა გამოიყენოს და სხვადასხვა პოტენციალი, მათ შორის, ტურიზმის კუთხით, განავითაროს.

"ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში საგადასახადო თვალსაზრისით. ხუთჯერ მცირდება გადასახადი 5%-დან 1%-მდე მაშინ, როდესაც ხუთჯერ იზრდება ზღვარი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. სამეგრელოს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, იმისთვის რომ აღნიშნული საგადასახადო რეფორმა ძალიან კარგად გამოიყენოს. ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს ვხედავთ სამეგრელოში ტურიზმის ზრდის კუთხით, ასევე, სამეგრელოში ხორციელდება ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით, სადაც მე იმედი მაქვს, საშუალება იქნება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს თავისი პოტენციალის რეალიზება“, - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა.

გარდა ამისა, მან მსგავსი შეხვედრების მნიშვენლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებში გამართული შეხვედრები რეფორმის დასახვეწად მნიშვნელოვანია.



ამავე შეხვედრაზე რეფორმასთან დაკავშირებით მეწარმეების კითხვებს უპასუხეს.

მეწარმე კახა კვესელავამ, რომელიც მარტვილიდან ჩამოვიდა, აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას გამო თხილის მეწარმეებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ. მისი თქმით, აღნიშნულმა პრობლემებმა თხილის ექსპორტზეც იმოქმედა და მთავრობას გარკვეული კუთხით დახმარება სთხოვა.



„ხარისხი დაეცა, ამიტომაც ევროპაში ჩვენს თხილს, ასე ვთქვათ, სახელი გაუფუჭდა. ახლა სახელმწიფო ჩართულობაა საჭირო, რადგან ბრუნვისთვის თანხები მეწარმეების უმრავლესობას არ აქვს. მივდივართ ბანკში და გროვდება ვალები. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ, გვიშუამდგომლოს ბანკებთან, რომ გარკვეული შეღავათები დაწესდეს და საკითხი დარეგულირდეს“, - აღნიშნა კახა კვესელავამ.

შეხვედრას გუბერნიის შენობაში მეწარმეებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები და მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საგადასახადო სისტემა სულ 120 000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ინიციატივის ფარგლებში, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე იქნება, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი კი 5%-ის ნაცვლად, 1 %-იანი გადასახდით დაიბეგრება.

2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება მოგების გადასახადის ახალ მოდელზე გადასვლა საფინანსო სექტორისთვის - ბანკები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო ორგანიზაციები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები.

რეფორმის მიზანი მცირე ბიზნესის ხელშეწყობაა, რაც თავის მხრივ, სექტორის მეტ გამჭვირვალობას და ფინანსურ რესურებზე მეტ წვდომას გულისხმობს.

Print