ახალი ამბები
სეს: აფხაზეთში ფაროსანას დივერსიის ფარგლებში გავრცელებაზე ვარაუდი საღ აზრს მოკლებულია
რუსეთის მთავარი სანიტარული უწყების ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლის მიერ გამოთქმული ვარაუდი საღ აზრს არის მოკლებულია, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა.

ნიკა მესხიძის განმარტებით, აზიური ფაროსანას პრობლემა მრავალ ქვეყანაშია, რაც სპეციალისტებისთვის ცნობილია.

„აზიური ფაროსანას პრობლემა არსებობს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, შვეიცარიაში, იტალიაში, ავსტრიაში, რუსეთში და ა.შ. ეს კარგადაა ცნობილი იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ამ საკითხს შეისწავლიან. უნდა აღინიშნოს, რომ ფაროსანას თემაზე ქართველი ექსპერტები მზად არიან იქონიონ ურთიერთობა მეზობელი სახელმწიფოს, მათ შორის, რუსეთის სპეციალისტებთან“, - თქვა მესხიძემ.

„როსსელხოზნადზორის“ ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივნის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი.

რუსეთის ფედერაციამ დე-ფაქტო აფხაზეთიდან მცენარეული წარმოშობის ყველა პროდუქციის შეტანა დროებით აკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა უწყებამ მიიღო.აფხაზური მედიის ცნობით, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა 2018 წლის 24 -25 მარტს მონიტორინგი ჩაატარა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში მავნებლის გავრცელების გამო ფიტოსანიტარული მდგომარეობა კრიტიკულია. 

ამავე ცნობით:

რუსეთმა აფხაზეთიდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი დროებით შეწყვიტა
Print