ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი ოფიციალურად მიენიჭა (ვიდეო, ფოტო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი სიმბოლურად მის დაბადების დღეზე მიენიჭა. მემორიალური დაფა დღეს საკრებულოს წევრებთან ერთად თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ გახსნა.



„საკრებულოს მხრიდან ეს არის მოკრძალებული ჟესტი მის მიმართ მადლირების გამოსახატავად“, - აღნიშნა წოწერიამ.

დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა გამსახურდიას ღვაწლი გაიხსენეს და საკრებულოს გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადეს.


„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირადი მოკრძალებული წვლილი ერთი ხმით არის ბატონი პრეზიდენტის სახელი უკვდავყოფის საქმეში. ვეკუთვნი თაობას, რომლიც პირადად იცნობდა მას, ვარ ბედნიერი, რომ 31 მარტის რეფერენდუმისა და1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილე ვარ, რომ 80-იანი წლების დასასრულსა და 90-იანის დასაწყისში ჩვენი ქვეყნის ყველა ავ-კარგი გადავიტანე. საქართველოს გამსახურიდას სახით ჰყავდა პოლიტიკური და ეროვნული მოღვაწე და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი სახელის უკვდავსაყოფად ბევრი რამ გაკეთდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მთელი თავისი ხარისხითა და ყველა მიმართულებით იქნება სტანდარტების დონეზე, ქვეყანა იქნება მთლიანი და ერთიანი. მინდა საკრებულოს ეროვნულ საკითხში კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვო“, - თქვა კახათის მაჟორიტარმა დეპუტატმა მანანა მებონიამ.



საკრებულოს წევრის კონსტანტინე კაკავას თქმით, აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას ეკუთვნოდა, რომელსაც წარმომადგენლობითმა ორგანომ მხარი ერთხმად დაუჭირა.

„ამ ჟესტით ჩვენ ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს ვაღიარებთ. ზვიად გამსახურდია არის ეროვნული და თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველოს სათავე, რომელსაც არ ვივიწყებთ. თუ დღეს ევროპასა და დასავლურ სივრცეში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ გამსახურდიამ და „ეროვნულმა მოძრაობამ“ მოიტანა“, - აღნიშნა კაკავამ.



პირველი პრეზიდენტის საქმიანობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა გობრონ ჯახიამ, რომელიც პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი იყო.

„მქონდა პატივი, მემუშავა ზვიადის გევრდით უზენაესი საბჭოდან მოყოლებული და პირადად ვიცნობდი მას. ნამდვილად ემოციურია ჩემთვის ეს დღე და ამაზე საუბარი. მადლობა, რომ კიდევ ერთხელ დაფასდა მისი ღვაწლი“, - აღნიშნა ჯახიამ.

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციაში არსებული საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ გასულ სხდომაზე მიიღო.

ამავე თემაზე:

დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე ზუგდიდში (ვიდეო, ფოტო)

საკრებულოს სხდომათა დარბაზს პირველი პრეზიდენტის სახელი ეწოდა


Print