ახალი ამბები
მესტიაში ადგილობრივები ჰესების მშენებელი კომპანიის სპეციალურ ტექნიკას არ უშვებენ
მესტიაში სეტის მოედანზე ჰესების "მესტია-ჭალა 1" და მესტია ჭალა 2- ის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. 200-მდე ადგილობრივმა გზა გადაკეტა და მშენებელი კომპანიის სპეციალურ ტექნიკას გასვლის საშუალებას არ აძლევს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის მაია კახიანის თქმით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და თუ ტექნიკა უკან არ დაიხევს, უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

„ორსული ქალი გახდა იძულებული, გაწოლილიყო გზაზე, რომ ეს მანქანები არ გაეტარებინა. ჩვენ არ მივცემთ მათ საფრთხის შემცველი ჰესების მშენებლობის უფლებას და საშუალებას. თუ უკან არ დაიხევენ, გავაკეთებთ მობილიზაციას და მთელი სვანეთი ფეხზე დადგება, თუ საჭირო გახდა, კარვებსაც გავშლით“, - უთხრა რადიო „ათინათს“ კახიანმა.

აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გაბიონების, გზისა და მდინარის კალაპოტების მოწესრიგება მიმდინარეობს, რის საშუალებასაც ადგილობრივთა ნაწილი არ იძლევა.

სვანეთში ჰესების მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. მათ აქცია არაერთხელ გამართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონის ეკოსისტემას დააზიანებს. ადგლობრივები მშენებლობის დაწყებამდე პროექტების საჯარო განხილვასაც ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ მშენებლობებს არ დაუშვებენ.

კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “სვანეთი ჰიდროს“ მიერ დაბა მესტიაში მშენებარე ”მესტიაჭალა 1” და ”მესტიაჭალა 2” არადაგუბებითი ტიპის ჰესებს განეკუთვნება და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით შენდება.

ამავე თემაზე:

"არა ნენსკრაჰესს" - საპროტესტო აქცია მესტიაში

კომპანია "სვანეთი ჰიდრო" "მესტია - ჭალა ჰესის" შესახებ განცხადებას ავრცელებს

Print