ახალი ამბები
ჩხოროწყუში 70 წლის პედაგოგი მოსწავლეს სავარაუდოდ სექსუალურად ავიწროებდა
ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების" ყოფილ პედაგოგს მისივე მოსწავლე, ფეხბურთის ქალთა გუნდის ერთ-ერთი წევრი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი აუდიო ჩანაწერი არსებობს, რომელშიც 70 წლის მამაკაცი გოგონას ავიწროებს.

„ამასთან დაკავშირებით არ ვიყავი საქმის კურსში, სულ 2 დღეა, რაც გავიგე. დეტალები არ ვიცოდი. ქალთა საფეხბურთო კლუბი, ფაქტობრივად, მისი შექმნილია. ბავშვს მე პირადად არ ვიცნობ, ერთადერთი, რაც შემიძლია ამ წუთისთვის გითხრათ, მე აუდიოჩანაწერის რაღაც ნაწილი მოვისმინე ეს არის ამაზრზენი და მიუღებელი. ასეთი ადამიანები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. სამწუხაროა, რომ ამ გოგონამ არც სამართალდამცავებს და არც ჩვენ მოგვართა, თორემ შესაბამის ზომებს აუცილებლად მივიღებდით“, - უთხრა რადიო „ათინათს“ დავით გოგუამ.

მისივე თქმით, პედაგოგმა სამსახურდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა, თუმცა ეს აღნიშნულ ფაქტს არ უკავშირდებოდა. გოგუას მტკიცებით, ამ დრომდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

ამავეს ამბობს აიპი-ს ხელმძღვანელი რამაზ კოხიაც. მისი თქმით, ამბავი მედიის საშუალებით შეიტყო და დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„დაახლოებით, ერთი თვის წინ ავადმყოფობის გამო დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მეტს ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა კოხიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 141-ე გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ისჯება.
Print