რეგიონი
ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მესტიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი მოსაზრებით, ძალისმიერი მეთოდებით ნებისმიერი პროექტის განხორციელება მიუღებელია. 

რადიო „ათინათი“ ეპისკოპოსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა გამოვეხმაურო ზემო სვანეთში, კერძოდ, მესტიაში განვითარებულ მოვლენებს. მე, როგორც იმ კუთხის შვილმა, სადაც არის ჩემი მამა-პაპათა ძვალთ შესალაგი, რომელთაც დღემდე მოუტანიათ ის სიწმინდეები, კულტურული მემკვიდრეობა და მიწა-წყალი, რითაც თითოეული ქართველი თავს იწონებს მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე, ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას არ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და არ თანავუგრძნო სვანეთში მიმდინარე პროცესებს. მაშინ, როდესაც საზოგადოება და ხალხი არის ხელისუფლების არსებობის მთავარი წყარო, მათ ხმას გულდასმით უნდა უსმენდნენ და ყოველი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ვფიქრობ, უნდა იქნას ფართო საზოგადოებრივი კონსესუსით მიღებული. ყოვლად მიუღებელია, როდესაც კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი" პროექტის ხორცშესხმას და ასევე მიუღებელია, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ნაცვლად ხალხსა და კერძო კომპანიას შორის მომრიგებლური როლისა, ერთგვარად გვევლინება მხარედ. ჩვენ საზოგადოებამ სახელმწიფოსთან ერთად ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა მკვიდრი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითა და მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაიჭრას ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა, ისე, რომ არ შეფერხდეს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემო-სვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში. 

მესტიაში ადგილობრივები ჰესების მშენებლობას თვეზე მეტია აპროტესტებენ. ისინი მშენებარე ჰესის ტერიტორიაზე სპეციალურ ტექნიკას არ ატარებენ. 


Print