ახალი ამბები
ვეტლაბორატორიის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდში, ვეტლაბორატორიის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი ბინებს ითხოვს, მანამდე კი არსებული პრობლემების მოგვარების თხოვნით ხელისუფლებას მიმართავენ. მათი თქმით, რამდენიმე წელია, შენობის სარდაფში წყალი გროვდება, რაც ანტისანიტარიას იწვევს. დევნილები შიშობენ, რომ ეს მათ და მათი შვილების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.



„წყლის სისტემა მოუწესრიგებელია. რასაც ვხარჯავთ, ჩადის სარდაფში და გროვდება, რაც შემდეგ მწერების მომრავლებას იწვევს. ორ წელზე მეტია, განცხადებით მივმართეთ დევნილთა სამმართველოს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. გვითხრეს, შემთხვევით, ჯგუფი სხვა ადგილას გაუშვეს და აქამდე ვერ მოვიდნენ“, - თქვა ერთ-ერთმა დევნილა დონა გოგოხიამ.

გარდა ამისა, გოგოხია, რომელიც სამ ოთახში მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, ამბობს, რომ ბინების მისაღებათ საბუთები, წლებია, შეაქვს, თუმცა უშედეგოდ.

„ფართები დაკანონებული აქვს სამ ოჯახს. ჩვენთვის კი ამ სამ ოთახში 6 და 4 სულიანი ოჯახების ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუმცა, მაინც დაბალი ქულები მოგვივიდა, რაც ბინების მისარებად არ არის საკმარისი“, - აღნიშნა მან.

აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს დევნილთა სამმართველოში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილავაჩავა ადგილზე არ იმყოფება. ის არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობს.

Print