ახალი ამბები
პროკურატურა ზუგდიდის სასამართლოს გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას თხოვს
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 65 წლის ა.ვ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

„სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს ქ. სენაკში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის მიერ გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ უკვე მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ა.ვ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

დაზარალებულთან მუშაობს ფსიქოლოგი, მისი მხარდაჭერის მიზნით საქმეში ჩართულია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენელი ესწრება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს», - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების" ყოფილ პედაგოგს მისივე მოსწავლე, ფეხბურთის ქალთა გუნდის ერთ-ერთი წევრი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი აუდიო ჩანაწერი არსებობს, რომელშიც 70 წლის მამაკაცი გოგონას ავიწროებს.

ამავე თემაზე:

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული 70 წლის პედაგოგი დაკავებულია

ჩხოროწყუში 70 წლის პედაგოგი მოსწავლეს სავარაუდოდ სექსუალურად ავიწროებდა

Print