ახალი ამბები
სამეგრელოში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ძლიერმა ქარმა სხვადასხვა პრობლემა შეუქმნა. პირველადი ინფორმაციით, სტიქიამ ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და სენაკისმუნიციპალიტეტები დააზარალა.

წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სამი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მათ შორის ერთს სახურავი მთლიანად გადახადა. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ დაზარალებულებს საწვიმარი ბრეზენტები სახლის დროებით გადასახურად დაურიგდათ, ამ დროისთვის კი ზარალს ითვლიან. 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში კი ქარმა ხეები წააქცია. მერიის პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ საავტომობილო გზაზე მოძრაობა არ შეფერხებულა. გარდა ამისა, ჯერჯერობით მერიაში მოსახლეობის მხრიდან შესაბამისი შეტყობინებები არ შესულა.

ქარმა მცირე პრობლემა შექმნა სენაკში, სადაც სახურავი ნაწილობრივ გადახადა ერთ საცხოვრებელ სახლს.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მერიების პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული პრობლემები სტიქიას არ გამოუწვევია, თუმცა შეფერხებული იყო ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც ამ დროისთვის აღდგენილია.

ამ წუთებში მუნიციპალიტეტების უმეტესობაში ძლიერი ქარი ჩადგა და წვიმს.

Print