რეგიონი
მესტიაში მოკლული საკრებულოს წევრის საქმეზე სასამართლო განხილვები დაიწყო
მესტიაში მოკლული საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის საქმეზე წინასასამართლო პროცესი ზუგდიდში დღეს გაიმართა. სხდომას ბრალდებულის და, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები არ ესწრებოდნენ. ამჟამად მიმალვაში მყოფი ბრალდებულის მამუკა ნიგურიანის სახაზინიო ადვოკატის როზეტა ზარქუას თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალები არა არის საკმარისი ბრალის დასამტკიცებლად. ზარქუამ სასამართლოზე აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მას სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი აქვს.

„საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ორი ცალი ვაზნა ვერ იქნება საკმარისი მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ ნიგურიანმა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ არ ვიცით ის ვაზნა ეკუთვნოდა თუ არა მას და არის თუ არა ის მომხდართან რაიმე კავშირში“, - თქვა როზეტა ზარქუამ.

საქმის პროკურორის ლევან ფიფიას თქმით, ნიგურიანის ბრალეულობაზე არა ერთი მტკიცებულება მიუთითებს.

„არსებობს, საქმის მასალები და მოწმეების ჩვენება, რომელიც ადასტურებს მის ბრალეულობას. ბრალდებული ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და ინახავდა საბრძოლო მასალას. ვფიქრობ, რომ მოწმეების ჩვენება და ბალისტიკური ექსპერტიზა საკმარისი იქნება დამნაშავის დასაკავებლად“, - აღნიშნა ლევან ფიფიამ.

შესავალი სიტყვის წარმოთქმამდე  ადვოკატმა აღნიშნა, რომ მას ნიგურიანთან კავშირი არა აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბრალდებულს სხდომაზე არ გამოცხადების საპატიო მიზეზი ექნება.

შემდეგი სასამართლო სხდომა, რომელზეც ბრალდების მხარე რამდენიმე მოწმის გამოკითხვას გეგმავს, 27 აპრილს გაიმართება.

2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ჯერ არ დაკავებულა და ის ძებნილად ითვლება.


Print