ახალი ამბები
სახელმწიფო Gem Fest-ისთვის მიწას იჯარით აღარ გასცემს
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო Gem Fest 2018 - სთვის მიწის იჯარით გაცემაზე, კომპანია GMF-ს უარს ეტყვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკა სისაურმა განუცხადა.

სისაურის ინფორმაციით, Gem Fest 2018 - სთვის ბილეთების გაყიდვა ისე დაიწყო, რომ სახელმწიფოსთან შეთანხმებული არ ყოფილა და კომპანიას არ ჰქონია მიწის ნაკვეთი იჯარით აღებული. 

„კომპანია GMF-მა ამ წლის 27 მარტს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მომართა განცხადებით, რომ უკვე დაგეგმილი აქვთ ღონისძიება, ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში ელექტრონული მუსიკის ფესიტვალის Gem Fest 2018 - ის ჩასატარებლად. ითხოვენ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მათ გადაეცეთ სარგებლობის უფლებით. კომპანია თავის წერილში აღნიშნავს, რომ ფესტივალის ჩატარების თარიღებია 9-12 აგვისტო, ბილეთების დიდი ნაწილი მათ უკვე გაყიდული აქვთ და დღესაც მიმდინარეობს ბილეთების რეალიზაცია და ამ მიზნობრიობით მათ სჭირდებათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით აღება. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ არანაირად შეთანხმებული არ იყო და არანაირი ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობდა, ვიდრე კომპანია ბილეთების გაყიდვას დაიწყებდა. ეს მოხდა ჩვენთან ყველანაირი ადმინისტრაციული წარმოების გარეშე. მათ დაიწყეს ბილეთების გაყიდვა Gem Fest 2018-სთვის ისე, რომ იჯარით ან რაიმე სხვა უფლებით სახელმწიფოსგან აღებული არ ჰქონდათ მიწის ნაკვეთი, სადაც მათ უნდათ, რომ აღნიშნული ღონისძიება ჩატარდეს. ჩვენ უარს მივწერთ კომპანიას აღნიშნული ტერიტორიის იჯარის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ეკა სისაურმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ რამდენიმე კვირის წინ რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მას იჯარით ტერიტორიას არ მისცემს, მიწას კერძო მესაკუთრისგან იქირავებს.

წყარო: Ipn

ამავე თემაზე:

გიორგი სიგუა: ხელს თუ არ შეგვიშლიან, Gem Fest-ს დამოუკიდებლად ჩავატარებთ
Print