ახალი ამბები
სუს:მთავარი საფრთხე ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალების არსებობაა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ ტერიტორიების ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობას ასახელებს. ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

ამავე ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაფორმალური ანექსიის მიმდინარე პროცესი, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაცია, უკანონო დაკავებები და ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარი გამოწვევაა.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არაოფიციალური ანექსიის პოლიტიკას ეტაპობრივად ახორციელებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დადებული „მოკავშირეობის“ ე.წ. შეთანხმებების პრაქტიკული განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებით ხაზგასასმელია 2017 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნა, ქ. სოხუმში 2017 წლის პირველ ნოემბერს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პუნქტის გახსნა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლის ფაქტები. 2017 წლის 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართული უკანონო „რეფერენდუმის“ შედეგად კი, ცხინვალის რეგიონს სახელწოდება შეეცვალა და რუსეთის ფედერაციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის („ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია“) მსგავსად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა-სახელმწიფო ალანია“ დაერქვა, რაც ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას და საქართველოს სახელმწიფოებრივი სივრციდან მის სრულად მოწყვეტას ისახავს მიზნად”, - ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტს ეტაპობრივად აუქმებს.

”ნათლად გამოჩნდა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, ოფიციალური მოსკოვის სტრატეგიულ მიზანს დე ფაქტო უწყებების სერვისებსა და ფუნქციებზე (ე.წ. საზღვრის დაცვა, „საბაჟო მომსახურება“, „სამართალდამცავი უწყებების“ ფუნქციონირება, ე.წ. თავდაცვის უწყების მუშაობა) სრული ეფექტური კონტროლის დამყარება წარმოადგენს. ანექსიური პოლიტიკის ჭრილშია განსახილველი ოკუპირებული რეგიონების კვლავაც მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 48 % (88 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში“ დაახლოებით 90 % (121 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა”, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ნოყიერ ნიადაგს ქმნის უკანონო ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის.


Print