ახალი ამბები
სუს: ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ 52 ადამიანი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ოკუპირებული ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული. ამის შესახებ სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, აქტუალურ პრობლემად რჩება საოკუპაციო ხაზების გასწვრივ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის წარმოება.

„2017 წელს კიდევ ორი დამატებითი ე. წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის („ხურჩა-ნაბაკევი“ და „ორსანტია-ოტობაია“) დახურვა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოკუპირებული გალის რაიონიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ინტერაქციის შეზღუდვას”, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ცნობით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის „ბინადრობის უფლების“ მინიჭების საკითხზე დაწესებული შეზღუდვები, ოკუპირებული გალის რაიონისა და ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების ნაწილობრივ აკრძალვა და 2017 წელს ცხინვალის რეგიონში (სოფლები: ერედვი, ბერულა, არგვიცი და ფრისი) დევნილი ქართველების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული ნგრევა.

სუს-მა ყურადღება ასევე გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებასა და ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების არარსებობაზე.

ანგარიში ასევე ეხება ჟენევის მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმსაც.

„საანგარიშო პერიოდში გალში IPRM-ის 10, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) 11 შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრებზე მუდმივად განიხილებოდა სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორიასა და ცხინვალის რეგიონში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული დავით ბაშარულის საქმეები. 2017 წელს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობისა და მუდმივი მოლაპარაკებების შედეგად, გათავისუფლდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილი და გიორგი ლუკავა, რომელთაც 20 წლიანი „პატიმრობა“ ჰქონდათ „მისჯილი“. საანგარიშო პერიოდში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და IPRM-ის ფორმატის ფარგლებში შექმნილი ე.წ. „ცხელი ხაზი“ კვლავაც რჩება მომხდარი, ან პოტენციური ინციდენტების დარეგულირების და თავიდან აცილების 24-საათიანი კავშირის საშუალებად. 2017 წელს ჯამში „ცხელი ხაზი“ 1645-ჯერ იქნა გააქტიურებული”, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) თანამშრომლობას, რომელიც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა.



Print