რეგიონი
დაურ თარბა: ამ დროისთვის აფხაზეთის მოსახლეობამ 400 კგ ფაროსანა შეაგროვა
ამ დროისთვის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძებების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობამ 410 კგ მწერი შეაგროვა. ამის შესახებ აფხაზური მედია საშუალებებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაურ თარბამ განაცხადა. მისი თქმით, რუს სპეციალისტებთან ერთობლივად ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ძირითადად, მავნებელი „აღმოსავლეთ აფხაზეთში გავრცელდა, ხოლო დასავლეთ აფხაზეთში უმნიშვნელო კერებია აღმოჩენილი“. თარბას მონაცემებით აზიურმა ფაროსანამ 200 ათას ჰექტარზე განთავსებული სასოფლო - სამეურნეო სავარგულები და კერძო მეურნეობები დააზიანა.

ამავე ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა, რომელიც მწერების მექანიკურ შეგროვებას, და შემდეგ სასოფლო- სამეურნეო ფართობების ქიმიურ დამუშავებას გულისხმობს. დაურ თარბამ აღნიშნა, რომ მოსახლეობა ფაროსანას სხვადასხვა გზით ებრძვის, ნაწილი მას ტომრებში აგროვებს და ანადგურებს, თუმცა ამისთვის არანაირ თანხას არ ითხოვს. მისივე ინფორმაციით, დიდი როლი შეასრულა მათ მიერ დარიგებულმა საინფორმაციო ბუკლეტებმა, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილის მავნებელთან ბრძოლის მეთოდები.

მისივე თქმით, „სახელმწიფომ პრობლემის გადასაჭრელად 10 მილიონი რუბლი გამოყო, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ამავე დროს, რუსული მხარე მზადაა აფხაზეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით, 500 მილიონი რუბლის ოდენობის ქიმიური პრეპარატები და სპეციალური ტექნიკა გამოუყოს“.

მარტის ბოლოს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მზადაა აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლი გადაუხადოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულათ ხატუოვმა სოხუმში აზიურ ფაროსანათან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა. მისი თქმით, ეს მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.

2 აპრილიდან, რუსეთმა დე ფაქტო აფხაზეთში შექმნილი „კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის გამო“ მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანა აკრძალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას გავრცელებით არის გამოწვეული.


Print