ახალი ამბები
დღეს „წითელი პარასკევია“
„წითელ პარასკევთან“ დაკავშირებით ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე რიტუალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს, სადაც მსახურება 14:00 საათზე დაიწყება. ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.

ამ დღეს მართლმადიდებელი სამყარო იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება იმის ნიშნად, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

დიდი პარასკევი ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.

Print