რეგიონი
აფხაზური პროდუქცია 10 აპრილიდან რუსულ ბაზარს ისევ დაუბრუნდება
აფხაზური პროდუქცია, რომლის "იმპორტი" რუსეთის სანიტარულმა უწყებამ, აზიური ფაროსანას გავრცელების გამო, დროებით აკრძალა, ქვეყნის ბაზარს 10 აპრილიდან ისევ დაუბრუნდება, თუმცა „როსსელხოზნადზორის“ კონტროლის ქვეშ.

აფხაზური მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება 5 აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სხდომაზე მიიღეს. ამავე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ზომებს, რომლებიც აფხაზურმა მხარემ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიიღო.

ამასთან დაკავშირებით, დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაურ თარბამ აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლა აფხაზეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის შემდეგაც გაგრძელდება.

რუსეთის ფედერაციამ დე ფაქტო აფხაზეთიდან მცენარეული წარმოშობის ყველა პროდუქციის შეტანა დროებით 2 აპრილს აკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება სანიტარულმა უწყებამ „სახიფათო საკარანტინო ობიექტის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან აცილების და საექსპორტო პოტენციალის შენარჩუნების მიზნით“ მიიღო.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა 2018 წლის 24 -25 მარტს მონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ აფხაზეთში მავნებლის გავრცელების გამო ფიტოსანიტარული მდგომარეობა კრიტიკულია.

Print