ახალი ამბები
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმეს სააღდგომო მილოცვა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე მრევლს აღდგომას ულოცავს. რადიო "ათინათი" მილოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე, ნათლითშემოსილ და მაცხოვნებელ დღეს, მინდა მოგმართოთ წმიდა იოანე ოქროპირის მანუგეშებელი სიტყვებით: ,,რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბამად განსცხრებოდენ, რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშუებდით ყოველნი. ზვარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ წარვალს მშიერი. ყოველნივე იშუებით სერითა ამით სარწმუნოებისათა“..., ვინაიდან ყოველთათვის, ვინც იხმევს სარწმუნოების ამ სერისგან, გამოჩნდა სასუფეველი. ,,ნუ ვინ ზრუნავნ სიგლახაკესა“.

ქრისტე ღმერთი, ჩვენი ხსნისათვის თავისი ნებით ჩავიდა საფლავად, დაარღვია ჯოჯოხეთი, უკეთურს სძლია, ბოროტი დაამარცხა და პოვა გამარჯვება საუკუნო. ამ გამარჯვების თანამოზეიმეა ყველა მორწმუნე, ყველა ის ადამიანი, ვინც ღებულობს უფლის სიტყვას და ვინც ცდილობს, იცხოვროს მისი მცნებებით. შეგვიძლია თამამად და ხმამაღლა აღვიაროთ, რომ ქრისტეთი ქრისტესთან ერთად, ჩვენც ვიმარჯვებთ ბოროტებაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს აღდგომას წინ ქრისტეს ვნებები უძღოდა. ღმერთკაცის მთელი ცხოვრება იყო ღწვა, ღვაწლი კი ყოველთვის მსხვერპლთან არის დაკავშირებული. მსხვერპლის გარეშე გამარჯვება არ არსებობს. ქრისტიანობაში ეს მსხვერპლი თავგანწირვაა და ამისი მაგალითი თავად ღმერთმა მოგვცა ჩვენთვის ჯვარზე გაკვრით. საზოგადოება, რომელიც ცდილობს მოიწყოს ყოველგვარი კომფორტი და დაიკმაყოფილოს სხვადასხვა მოთხოვნილება, დაისახავს კი მიზნად ღვაწლს, რომელიც მსხვერპლად თავგანწირვას მოითხოვს?!

ღმერთმა ინებოს ავმაღლდეთ მიწიერ კეთილდღეობაზე და შევძლოთ მოყვასისა და უფლისთვის თავგანწირვა, რათა საუკუნოდ ვზეიმობდეთ აღდგომის ბწყინვალე დღესასწაულს. შევთხოვოთ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტე ღმერთს, რომ ჩვენი მომავალი თაობა განიმსჭვალოს ქრისტიანული იდეით და ღმრთის მცნებების ერთგულებით იმ ცხოვრებისეულ პირობებში, რომელშიც გვიწევს დღეს ყოფნა, შეძლოს სწორ გზაზე დგომა და თავგანწირვით, ჭეშმარიტი, მაცხოვნებელი გამარჯვების მოპოვება, რათა ერთხმად შევღაღადოთ უფალს: ,,გუშინ შენთანა ჯვარს ვეცმოდი ქრისტე, და თანა – აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავიფლვოდი, შენ მადიდე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა’’.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! ღმერთმა მრავალ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დაგასწროთ!
ვისწრაფოთ და რწმენითა და სიხარულით ვახაროთ ერთმანეთს, ქრისტე აღდგა! ასეთივე სიხარულით მსწრაფლ მივუგოთ: ჭეშმარიტად აღდგა!


ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე

ბრწყინვალე აღდგომა ქრისტესი ზუგდიდი, 2018 წელი", -  ვკითხულობთ მილოცვის ტექსტში.


















Print