რეგიონი
ოჩამჩირეში გატაცებული თურქეთის მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვენ
ორი თვის წინ ოჩამჩირეში გატაცებული თურქეთის მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდის სახით, 2 მილიონ დოლარს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია, სელიმ ქაიას მამის, ბიზნესმენ იაკუპ კაიას სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს, წერს „ამერიკის ხმა“.

თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი, 48 წლის სელიმ კაია ოჩამჩირეში 9 თებერვალს გაიტაცეს. ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი ფაჩულიამ ის ავტომანაქანით ნავსადგურიდან ქალაქის ცენტრამდე მიიყვანა. რამდენიმე წუთში ისინი ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გააჩერა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, თვითონ კი მანქანაში ჩასხდნენ და თურქეთის მოქალაქესთან ერთად წავიდნენ. მეორე დღეს, ტყვიებით დაცხრილული, BMW - მარკის ავტომობოლი, ოჩამჩირედან 7 კილომეტრში აღმოაჩინეს.

თურქული წყაროების თანახმად, თავდაპირველად გამტაცებლები 100 000 დოლარს ითხოვდნენ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გატაცებულის მამა საგანგებოდ ჩავიდა დე ფაქტო აფხაზეთში და ადგილზე გაეცნო შვილის ძიებასთან დაკავშირებული ოპერაციის მიმდინარეობას, გამოსასყიდის ოდენობა 20 - ჯერ გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქის გატაცება ოკუპირებულ აფხაზეთში ქაფშიას მოპოვების უკანონო ბიზნესს და აფხაზურ - თურქულ - რუსული ინტერესების შეჯახებას უკავშირდება. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, სელიმ ქაიას აფხაზი და რუსი პარტნიორების ვალი მართებს და გამტაცებლები სწორედ ამ თანხის მიღებას ცდილობენ. თუმცა ქაიას ოჯახი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას.

თურქეთი პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოანმა, 25 მარტს მმართველი პარტიის მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ მან სელიმ კაიას გატაცების ამბავი პირად კონტროლზე აიყვანა და თურქეთი ყველაფერს გააკეთებს მის გასათავისუფლებლად.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ გატაცებული სელიმ კაია, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ კატეგორიულად უარყო ეს ინფრომაცია და აღნიშნა, რომ გალში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ეს საკითხი არ განხილულა.

კაიას ოჯახი, რომელიც ტრაბზონთან ახლოს ქალაქ ჩარშიბაშიში ცხოვრობს, მჭიდროდ არის დაკავშირებული თურქულ კომპანია Kobyalar Group-თან. ეს ბიზნესჯგუფი შვილობილი Koptur Balikcilik-ის მეშვეობით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის უხეში დარღვევით, თევზის მოპოვებისა და გადამუშავების ბიზნესში ჩართულია, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე ფოთში. ოჩამშირეში Kobyalar Group საწარმო „ხამსას“ ფლობს, ხოლო ფოთში კომპანია „აისბერგ-2“-ის ყველაზე მსხვილი მეწილეა.


Print